Tuesday, July 1, 2008

ქალაი ხარ...

თეკლას
თავზე გადმომყურებ აშოლტილი,
ბავშვი კი არა და... ქალაი ხარ!
თხელი თითუცები-დაკოცნილი-
-ლერწმის ტაროებად გადაირხა...

თავზე ოქროსფერი ჩანჩქერები
გადარეულები გეხლებიან!
თავაწყვეტილი და მოქრიალე-
-ეს ხომ, შენი ირმის ფეხებია!

წელი-მორკალული, ქურციკივით...
ყელი-აღერილი თეთრი გედის!
რაც კი ნახატები მიხატია,
შენთვის ვვარჯიშობდი, თურმე, დედი..

.რაც კი მიმღერია-თურმე შენთვის,
ცამდე მინდოდა რომ ამეწიე...
შენთვის დედამიწა ავაბრუნე,
რომ ზღვის ტალღებივით დამერწიე!

ახლა გიყურებ და... ქალაი ხარ!
თაფლის სანთელივით მოციმციმე,
თვალებს იმნაირად აკვასკვასებ,
ვიცი, ალბათ, მალე მოვა ვინმე...

მერე, უეჭველად დაგარწმუნებს-
-თმა გიშერი აქვს და პირი ვარდი!
სანამ იმ ვაჟბატონს გაჰყვებოდე,
ერთიც გამიღიმე, დედი! კარგი?

No comments: